English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ამირან მაღლაკელიძე
ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისათვის საქართველოში

ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი, ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების საწყისი ეტაპის მდგომარეობა. გაანალიზებულია ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელების მსოფლიო ვარიაციები. განხილულია ინოვაციური საქმიანობისთვის საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურა, გამოვლენილია ინოვაციური განვითარების ზოგიერთი პრობლემა და შემოთავაზებულია რაციონალური გადაჭრის გზები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები, ეროვნული ინოვაციური სისტემა, ინოვაციური ეკონომიკა, ინოვაციური განვითარება.

თანამედროვე კონკურენტული ეკონომიკის ჩამოყალიბება და შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ძნელად წარმოსადგენია ინოვაციებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზაციის გარეშე. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირება, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ თავისებურებებს. სამწუხაროდ, საქართველოში, ეროვნული ინოვაციური სისტემა, ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და შესაბამისად, დაბალი ეფექტიანობით ხასიათდება.

ნაშრომის მიზანია, საქართველოს ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების პრობლემების გამოვლენა და დაძლევის რელევანტური გზების შეთავაზება შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურებისთვის.

ცნობილი ეკონომისტი ი. შუმპეტერი, ჯერ კიდევ, XX საუკუნის პირველ ნახევარში, საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროგრესის ძირითად დამაჩქარებელ ფაქტორად ინოვაციებს მიიჩნევდა [1]. იგი, „მეწარმის მთავარ ფუნქციას უწოდებდა რესურსების კომბინაციას, როდესაც შესაძლებელია ახალი სარგებლის მიღება, ანდა ცნობილი ეფექტების ახლებურად გამოყენება, ანუ ინოვაციები“ [2, გვ.11].

XXI საუკუნეში, ეროვნული ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისათვის წამყვანი როლი ახალ, რევოლუციურ ტექნოლოგიებს ეკისრება, რომელსაც შესწევს უნარი, არსებითად განსაზღვროს ქვეყნების გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებები. ინოვაციები ხელს უწყობს არა მარტო ახალი ფირმებისა და დარგების ჩამოყალიბებას, არამედ აახალგაზრდავებს ტრადიციულ ფირმებსა და დარგებს, რითაც აჩქარებს ეკონომიკური ზრდის პროცესს [3].

ამგვარ ახალ რეალობაში, მთავრობის ძირითადი მიზანი - ქვეყანაში კეთილდღეობის დონის გაზრდა, პირდაპირ უკავშირდება მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. კეთილდღეობის ზრდა რესურსების, ანუ შრომისა და კაპიტალის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე პირობებში კი რესურსების ეფექტიანობის ზრდა ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდება [4].

სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში უნდა გახდეს ეროვნული ინოვაციური სისტემის შექმნა. ეროვნულმა ინოვაციურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ყველა დონის სახელმწიფო მართვის ორგანოების ძალისხმევის გაერთიანება, სამეცნიერო-ტექნიკური სფეროსა და ეკონომიკის სამეწარმეო სექტორის ორგანიზება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევათა დაჩქარებული გამოყენებისათვის, ქვეყნის სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით [2].

ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელები

ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით, მსოფლიო გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და ამ კონცეპტუალურ საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, რელევანტური მოდელის აგება.

ეროვნული ინოვაციური სისტემის კვლევას სხვადასხვა დროს უამრავი ნაშრომი მიეძღვნა, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ცნების საერთოდ აღიარებული განმარტება. ეროვნული ინოვაციური სისტემის თეორიის ფუძემდებლები შემდეგ განმარტებებს გვთავაზობენ: „ლუნდვალი ბ.ა. - ინოვაციების სისტემა ყალიბდება ელემენტებისა და ურთიერთობებისაგან, რომლებიც ურთიერთზემოქმედებენ ახალ და ეკონომიკურად სასარგებლო ცოდნის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების პროცესში. ეროვნული სისტემა მოიცავს ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით განთავსებულ ელემენტებსა და ურთიერთობებს; ფრიმენი კ.  - ინსტიტუტების ქსელი საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში, რომელთა საქმიანობისა და ურთიერთზემოქმედების შედეგად იქმნება, იმპორტირდება, მოდიფიცირდება და ვრცელდება ახალი ტექნოლოგიები; ნელსონი რ. - ეს არის ინსტიტუტების კომპლექსი, რომელთა ურთიერთზემოქმედება დეტერმინირებას უკეთებს ეროვნული ფირმების ინოვაციურ საქმიანობას“ [5, გვ.3].

ეროვნული ინოვაციური სისტემის არსის მსოფლიოში გავრცელებული, სხვადასხვა დეფინიცია მიუთითებს იმაზე, რომ ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი თვალსაზრისი ამ ტერმინის სტრუქტურასა და ფუნქციაზე, რაც გარკვეულწილად, ბუნებრივია, რადგან იგი ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული თავისებურებებით განისაზღვრება. მაგალითად, „აშშ-ში ინოვაციური სისტემა ესმით ვიწრო გაგებით, რომლის თანახმადაც ეს არის სამეცნიერო-ტექნოლოგიური სისტემა. იგი მოიცავს, პირველ რიგში, ინსტიტუტებს, ახალი ცოდნის გენერირების ცენტრებს - უნივერსიტეტებს, კვლევით ლაბორატორიებს, მაღალტექნოლოგიურ კორპორაციებს, ინოვაციურ ბიზნესს.

ევროპული სკოლა ტერმინს - „ინოვაციური სისტემა“, იხილავს ფართო სპექტრით, ეს არის არა მარტო ცოდნის წარმოება, არამედ მისი გავრცელება, ათვისება და გამოყენება სწავლების პროცესების მეშვეობით, რაც ხორციელდება ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, ასევე ექსპერიმენტები და ტექნოლოგიების და პროდუქტების სრულყოფა მათი გამოყენების პროცესში“ [5, გვ.4].

მსოფლიოში არსებული ეროვნული ინოვაციური სისტემების ანალიზი საშუალებას იძლევა გამოიყოს მათი ოთხი სახეობა [5]: ევროატლანტიკური მოდელი; აღმოსავლეთ აზიური მოდელი; ალტერნატიული და სამმაგი სპირალის მოდელი.

ევროატლანტიკურიმოდელი - არის სრული ინოვაციური ციკლის მოდელი, იდეის წარმოქმნიდან მზა პროდუქციის მასობრივ წარმოებამდე. ამ მოდელის გამომყენებელ ქვეყნებში, როგორც წესი, წარმოდგენილია ინოვაციური სისტემის სტრუქტურის ყველა კომპონენტი: ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერება; კვლევები და დამუშავებები, საცდელი ნიმუშების შექმნა და მათი გაშვება მასობრივ წარმოებაში. ამ მოდელს იყენებენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც რეიტინგულები არიან ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.).

აღმოსავლეთაზიურიმოდელი - არის ინოვაციური განვითარების მოდელი, რომლის ინოვაციურ ციკლში არ ფიგურირებს ფუნდამენტური იდეების ჩამოყალიბების სტადია. ამ მოდელზე დამყარებული ინოვაციური სისტემები პრაქტიკულად მთლიანადაა მოკლებული ფუნდამენტური მეცნიერების კომპონენტს (და ნაწილობრივ, გამოყენებითი მეცნიერების კომპონენტსაც), უპირატეს როლს ასრულებს ლაბორატორიები კორპორაციების ბაზაზე. მოდელი გამოიყენება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებში (იაპონია, სამხრეთი კორეა, ჰონგ-კონგი, ტაივანი).

ინოვაციური განვითარების ალტერნატიული მოდელი გამოიყენება უპირატესად აგრარულ ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული პოტენციალი, არ აქვთ მდიდარი ნედლეულის მარაგები, გადამუშავების ტექნოლოგიები, რომელთა რეალიზაცია შეიძლება გამხდარიყო ეროვნული კონკურენტუნარიანობის საფუძველი. ამის შედეგად, ასეთ ინოვაციურ სისტემებში სუსტად ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი არა მარტო ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ბლოკი, არამედ მაღალტექნოლოგიური კომპონენტი. ამ ქვეყნებს უნარი არ შესწევთ მიაღწიონ შესამჩნევ შედეგებს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში, ისინი თავიანთ ინოვაციურ პოლიტიკაში აქცენტს აკეთებენ კადრების მომზადებაზე ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტის, შრომის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის სფეროში, ასევე მსუბუქი მრეწველობის ზოგიერთ დარგზე, კრეატიულ ინდუსტრიაში და რეკრეაციაში. დიდი ყურადღება ეთმობა მენეჯერების მომზადებას ტრანსეროვნული კომპანიების ადგილობრივი ქვედანაყოფებისათვის, საერთაშორისო ბანკებისათვის, საერთაშორისო პოლიტიკური სტრუქტურებისათვის. აღნიშნულ მოდელს მიაკუთვნებენ ეროვნულ ინოვაციურ სისტემებს ტაილანდში, ჩილეში, თურქეთში, პორტუგალიაში და სხვა.

სამმაგი სპირალის“მოდელი, რომელმაც პრაქტიკული რეალიზაცია ჰპოვა მხოლოდ ბოლო წლებში აშშ-ში, პრინციპულად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებისაგან არა მარტო ეროვნული ინოვაციური სისტემის სტრუქტურით, არამედ მისი ცალკეული ელემენტების ურთიერთზემოქმედების მექანიზმით. დღეისათვის, ამ მოდელის ცალკეული ელემენტის ფორმირების პროცესი აღინიშნება დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და იაპონიაში.

ინოვაციურ განვითარებასთან მიმართებით, „სამმაგი სპირალი“ აღწერს სამი ინსტიტუტის (მეცნიერება - სახელმწიფო - ბიზნესი) ურთიერთზემოქმედებას ინოვაციური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე. ეს არის ორგანიზაციათაშორისი ურთიერთობების დინამიკური მოდელი, რომელიც ყალიბდება ეკონომიკისა და საზოგადოების ევოლუციის პროცესში.

ინოვაციური განვითარების და სამმაგი სპირალის პრინციპის კლასიკური მაგალითი გახდა სილიკონის ველის შექმნა აშშ-ში. სილიკონის ველის განვითარების ისტორია დაკავშირებულია მასაჩუსეტსის შტატის სურვილთან გადაელახათ დიდი დეპრესიის გავლენა (1930-იანი წლები), ბიზნესსა და მეცნიერებას შორის დიალოგის ფორმატით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე. თავდაპირველად ეს იყო ორმაგი ურთიერთქმედება „უნივერსიტეტი-საწარმოო“ და „სახელმწიფო-უნივერსიტეტს“ შორის, რომელიც თანდათან გადაიზარდა სამმაგ სპირალში. უნივერსიტეტში აქცენტი გადატანილი იყო არა მარტო ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაზე (ფიზიკა, ქიმია), არამედ გამოყენებითი ხასიათის მეცნიერულ კვლევებზე, რაც ორიენტირებული იყო შედეგების პრაქტიკულ გამოყენებაზე საწარმოო საქმიანობაში.

თანამედროვე პირობებში, უცხოეთში მუშავდება სამმაგი სპირალის მოდელის გართულებული ტიპი - ოთხმაგი სპირალის მოდელი, რომელიც 2009 წელს აღწერეს ი. კარაიანისმა და დ. კემბელმა. ეს მოდელი ეხება ინტერაქტიურ ქსელურ ურთიერთქმედებას მთელი ეროვნული საზოგადოების საფუძველზე და არა მხოლოდ სამ წამყვან ინსტიტუციონალურ სექტორს შორის. რამდენადაც ინოვაციურ პროცესზე გავლენის მოხდენა დაიწყეს სხვა ინსტიტუტებმა, სხვადასხვა სოციალური ფენის სახით, ეს გარემოება თეორიულად აისახება სამმაგი სპირალისადმი მეოთხე ელემენტის დამატებაში. ის მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. აღიარებულია, რომ მეოთხე სპირალი უკეთესად ახასიათებს თანამედროვე პოსტინდუსტრიულ ეკონომიკას, ვიდრე მესამე, რამდენადაც XXI საუკუნეში სამოქალაქო საზოგადოება იძენს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ახალი დოვლათისა და ფასეულობების შექმნასა და გავრცელებაში [5].

საქართველოში მიმდინარე ინოვაციური პროცესების საწყისი ეტაპის მიმოხილვა

ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს მეცნიერებატევადი და ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოებაში მიღწეული წარმატებები, რაშიც აქტიური როლი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ეკუთვნის [6, გვ.18].

საქართველოში, არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ქვეყნის მთავრობამ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ საჭიროა ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მოდელის შემუშავება, რისთვისაც შესაქმნელია ადეკვატური საკანონმდებლო აქტები და პირველადი ინფრასტრუქტურა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ამ მიმართულებით, 2014 წელს შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზნებად განსაზღვრულია [7]:

  • საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია;
  • ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი  პოლიტიკის და  სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;
  • მომსახურების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება   კერძო და  სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;
  • საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელება და კოორდინირება. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების  ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება;
  • ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების, მათ შორის, საექსპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა   ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინტერნეტიზაციის და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება;
  • ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით, ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა, მათ შორის, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის.

აღნიშნული მიზნების სრულფასოვანი რეალიზაციის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი გადაინაცვლებს მოდერნისტული, პროგრესული ტექნოლოგიური მიმართულებით. უნდა განხორციელდეს ინოვაციებისა და ცოდნის კომერციალიზაცია, რაც აუცილებელია ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებისათვის.

ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღონისძიებას წარმოადგენს ინოვაციური და ტექნოლოგიური საქმიანობისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა. საქართველოს კანონით ინოვაციების შესახებ, განსაზღვრულია შემდეგი ინფრასტრუქტურა [8, გვ.3-4]:

სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში უმაღლესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სხვა სუბიექტებისათვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურების გაწევას.

ბიზნეს-ინკუბატორი, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული და სხვა ტექნიკური დახმარების გაწევა არაუმეტეს 2 წლის ვადით.

ბიზნეს-ამაჩქარებლის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის, მისი ბიზნესიდეის და მოდელის განვითარებისა და დახვეწის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირების განხორციელება.

ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი უზრუნველყოფს ინოვაციის გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, ინოვაციის გადაცემისათვის პარტნიორთა მოძიებას და ინოვაციის კომერციალიზაციის მიზნით, ასეთი გადაცემის შეფასებას.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს იდეის ტესტირებას და ნიმუშის დამზადებას.

ინოვაციების ლაბორატორია, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლობის შედეგად, უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურების გაწევას და ტრენინგების ჩატარებას, რაც გულისხმობს კონკრეტულ ბიზნესზე ორიენტირებულ სწავლებას, იდეის ტესტირებას და ნიმუშის დამზადებას.

ინოვაციების ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ინოვაციების სფეროში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების პლატფორმების დანერგვას.      

2014 წლიდან დაწყებული, საბაზისო ღონისძიებები ცალსახად პროგრესულია, თუმცა, ინოვაციური განვითარების მიმართულებით რიგი პრობლემა არსებობს, კერძოდ [9, გვ.13-14]:

  1. ინოვაციური საქმიანობის ყველა სტადიის და მისი სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების მარეგულირებელი, შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის არარსებობა;
  2. სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი. დაბალგანვითარებულია სამეცნიერო კვლევების მომსახურების სისტემა. თითქმის არ არსებობს კვლევის შედეგების წარმოებაში გადაცემის სისტემა;
  3. დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე. არ არსებობს საწარმოთა მოთხოვნა ინოვაციურ პროდუქციაზე;
  4. არ არსებობს ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები, მაგალითად, მაღალტექნოლოგიური ეკონომიკური ზონები;
  5. თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის  მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტებს არ აქვს მასშტაბური ხასიათი, ინფრასტრუქტურის ელემენტები წარმოდგენილია რამდენიმე ობიექტით, რომელთა უმრავლესობა თბილისშია განთავსებული. დღეისათვის, თითქმის არ ხორციელდება საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციები. მათი იმპორტი, შედარებით, ხორციელდება მხოლოდ კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დამამუხრუჭებელი ფაქტორებიდან, უპირველესად უნდა გამოიყოს: შესაბამისი ცოდნის უქონლობა, პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა, ფინანსური რესურსების სიმწირე, კერძო სექტორის ნაკლები ინიციატივა და სხვა.

* * *

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის დაჩქარებული ტემპით განვითარებისათვის აუცილებელია ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პირველ რიგში, მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებას. საწყის ეტაპზე, სანამ ადგილზე შეიქმნება მძლავრი სამეცნიერო-კვლევითი ბაზები, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია მეტწილად მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტირება, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ფუნდამენტური კვლევის და იდეის განვითარების ყველა ეტაპის ადგილზე დამუშავების კომპონენტი.

საქართველოში ინოვაციური განვითარების პროცესი საწყის ეტაპზეა და როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოკვეთილია არაერთი პრობლემა, რომელთა პრევენციისთვისაც, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა: პირველი, ინოვაციური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ადაპტირებული პოლიტიკის პერმანენტული რეალიზაცია; მეორე, ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონების მაქსიმალური ჩართვა ინოვაციურ პროცესებში; მესამე, განათლების სისტემის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, რაც მომავალში საკუთარი ინოვაციური ბაზის განვითარების საშუალებას მოგვცემს; მეოთხე, ეკონომიკის ყველა დარგში, მცირე და საშუალო მეწარმეობის, ინდუსტრიულ და აგრარულ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანის სტიმულირება; დაბოლოს,  მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კოორდინაცია, რაც შექმნის ინოვაციური ეკონომიკის სისტემური განვითარების მყარ საფუძველს.

ლიტერატურა:

  • მექვაბიშვილი ე. თანამედროვე ეკონომიკური თეორიები. თბილისი, 2016.
  • ქოქიაური ლ. ეროვნული ინოვაციური სისტემის კონცეფციის კონცეპტუალური საფუძვლები. ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“, N4, 2017.
  • გერბერი ა., შრაიერი მ. ბაზარი წყვეტს თუ რა არის ინოვაციური (ვიწრო პერსპექტივა). ფრიდრიხ ებერტის ფონდი, თბილისი. იანვარი 2018.
  • სეფაშვილი ე. ინოვაციური პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2018, 2.
  • ქოქიაური ლ. ეროვნული ინოვაციური სისტემის შექმნის მსოფლიო გამოცდილება - გაკვეთილები განვითარებადი ქვეყნებისათვის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო კონფერენციის ელექტრონული ჟურნალი, 2017.
  • https://atsu.edu.ge/EJournal/BLSS/eJournal/Papers/KokiauriLamara.pdf
  • ერქომაიშვილი გ.საქართველოს განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები. თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2016.
  •  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება. თბილისი, 5 მარტი, 2014.
  • საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ. ქუთაისი, 22 ივნისი, 2016.
  • აბესაძე რ. ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო რეგულირების პრობლემები საქართველოში. თსუ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი, 2017.
  • http://www.pgie.tsu.ge/contentimage/konferenciebi/2017_.pdf